English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ სიმონ გელაშვილიმარიამ ოქრუაშვილი
გენდერული უთანასწორობა შრომის ანაზღაურებაში და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

გენდერული თანასწორობა ეკონომიკური წინსვლის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. იმისათვის, რომ გლობალური ეკონომიკა თავის სამიზნე მდგომარეობაში იყოს, უმნიშვნელოვანესია ადამიანკაპიტალის რაციონალური გამოყენება. აღნიშნული, ბუნებრივია, უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე გენდერული უთანასწორობის მინიმიზაციას.
სტატიის მიზანია გენდერული სახელფასო სხვაობების მონაცემთა კომპლექსური სტატისტიკური ანალიზი და მისი გავლენის შეფასება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კვლევის პროცესში გამოყენებულია სტატისტიკური დაჯგუფების, შეფარდებითი და საშუალო სიდიდეების, ვარიაციული ანალიზის მეთოდები. მაჩვენებლების გაანგარიშება განხორციელდა სტატისტიკური კომპიუტერული პროგრამა SPSS-ის გამოყენებით.
სტატიაში მოცემულია გენდერული სახელფასო სხვაობების უმეტესწილად რაოდენობრივი ანალიზი. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია დასაქმებაში ქალთა ნაკლებ ჩართულობაზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წლისათვის, 15 წლისა და უფროსი ასაკის ქალების 59.5 % მიეკუთვნება ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას, მაშინ როდესაც, კაცებისათვის იგივე მაჩვენებელი 37.1 %-ს შეადგენს. ორივე ზემოთ აღნიშნული ძირითადად განპირობებულია ქალთა ფართო ჩართულობით საოჯახო საქმეებში.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საანალიზო პერიოდში ქალების საშუალოთვიურ ხელფასის ზრდის ტემპი აღემატებოდა კაცებისას, მაგრამ მათი ხელფასების აბსოლუტურ სიდიდეებს შორის სხვაობა არ შემცირებულა. გარდა ამისა, საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის სიდიდის ვარიაციის დიაპაზონი ქალებისა და კაცებისათვის ცალ-ცალკე, დიდად განსხვავებულია და აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 398, ხოლო კაცებისათვის - 529 ლარია. ჩატარებული კორელაციური ანალიზით დადგინდა, რომ შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა გაზრდის ქალთა დასაქმებას, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.
საკვანძო სიტყვები: გენდერული უთანასწორობა, საშუალო ხელფასი, სტატისტიკური ანალიზი, ვარიაციის დიაპაზონი, კორელაციის კოეფიციენტი.



შესავალი

გენდერული უთანასწორობის პრობლემა დღესაც საკმაოდ აქტუალურია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მიუხედავად არსებული კანონმდებლობისა, ჯერ კიდევ ადგილი აქვს სქესის მიხედვით დისკრიმინაციას შრომის ბაზარზე (გელაშვილი,ოქრუაშვილი 2020). გენდერული უთანასწორობის შემცირება, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესებას, რაც თავისთავად, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. გენდერული უთანასწორობის პრობლემა გლობალური გამოწვევაა, რომლის აღმოსაფხვრელად მრავალი ადგილობრივი (ეროვნული) თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ქმედით ნაბიჯებს დგამს. თუმცა, სასურველი შედეგები ქვეყნების უმეტესობაში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული და აუცილებელია მთავრობების აქტიური ჩარევა გენდერული მულტიუთანასწორობის შესამცირებლად. ეს განსაკუთრებით შეეხება განვითარებად ქვეყნებს. იმისათვის, რომ ეფექტიანად განხორციელებულიყო ტრანსფორმაცია, მთავრობა პირდაპირ უნდა ჩარეულიყო, რათა სტიმული მიეცა ზრდისა და განვითარებისთვის, არსებული უთანასწორობისა და უსამართლობის აღმოფხვრისათვის (გელაშვილი, 2019).
გარდა ამისა, გენდერული თანასწორობა მდგრადი განვითარების მე-5 მიზანს წარმოადგენს. ეს კი გულისხმობს, რომ გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფს უკეთესი და მდგრადი მომავლის მიღწევას. აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობა დიდ გავლენას ახდენს მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ) (პაპავა, სილაგაძე 2019,180) რაოდენობრივ მაჩვენებლებზე. ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, გენდერული უთანასწორობის შემცირება უზრუნველყოფს 2050 წლისათვის ევროპაში მოსახლეობის ერთ სულზე მსპ-ის გაზრდას 6.1-დან 9.6 %-მდე, რაც 1.95-დან 3.15-მდე ტრლნ ევროს შეადგენს. ასევე, შეიქმნება 10.5 მლნ სამუშაო ადგილი, რაც, ბუნებრივია, გაზრდის როგორც ქალების, ასევე კაცების კეთილდღეობას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დამატებითი სამუშაო ადგილების 70% განკუთვნილი იქნება ქალებისათვის მიუხედავად არსებული კანონმდებლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართვისა, გენდერული უთანასწორობა საკმაოდ მწვავე პრობლემაა, განსაკუთრებით კი, შრომის ბაზარზე. ძალიან ხშირად დამსაქმებლების მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად, ხდება სქესის მიხედვით დისკრიმინაცია. შრომაზე მოთხოვნის ანალიზის მიხედვით, ხელფასის სიდიდე უმეტესად შრომის მწარმოებლურობაზეა დამოკიდებული, რაც გამოიხატება შრომის ზღვრული პროდუქტის ღირებულებით. შესაბამისად, მაღალი მწარმოებლურობის მქონე მშრომელები უფრო მაღალ ხელფასს იღებენ, ვიდრე დაბალმწარმოებლურები (მენქიუ, 2008). ქალთა მწარმოებლურობა კი, რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო, უფრო მცირეა, როგორიცაა, მაგალითად, საოჯახო საქმეები, მოხუცებისა და ბავშვების მოვლა და სხვ. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის ფაქტიც, რომ ბავშვთა ავადმყოფობის გამო ძირითადად დედები იღებენ ბიულეტენს. ასევე, დეკრეტით, რომლითაც მოქმედი კანონით, შეუძლია ისარგებლოს ორივე მშობელმა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რა თქმა უნდა, ძირითადად ქალები სარგებლობენ და არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც თავისთავად ამცირებს ქალთა შრომის მწარმოებლურობას. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია საკომპენსაციო სხვაობა, რაც გულისხმობს განსხვავებას ხელფასებში სხვადასხვა ადგილის არამონეტარული მახასიათებლების საკომპენსაციოდ. ფაქტია, რომ ქალები ძირითადად დასაქმებულნი არიან ისეთ სექტორებში, სადაც ხელფასები შედარებით ნაკლებია, თუმცა, დამატებითი სარგებელი ისაა, რომ სამუშაო ადგილი უფრო მეტად შეესაბამება მათი ცხოვრების წესს. ამის ნათელი მაგალითია კ. ჰაკიმის უპირატესობის თეორია, რომლის თანახმადაც, ქალები ცხოვრების ხარისხსა და სამუშაოდან მიღებულ სიამოვნებას უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე მაღალ ხელფასს. ამ თეორიას ასევე ადასტურებს ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერ-ეკონომისტის არნო შევალიეს მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომელიც მოიცავდა 10 000 ადამიანს. კვლევით დადასტურდა, რომ კაცები უპირატესობას ანიჭებენ კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ მოგებას, ასევე თავს ამბიციურ პიროვნებებად თვლიან, ხოლო ქალები უპირატესობას ანიჭებენ სამუშაოდან მიღებულ კმაყოფილებას, თანამშრომლების კეთილგანწყობასა და მათი სამუშაოს სოციალურ მნიშვნელობას (ბერიშვილი, 2017).
ზემოაღნიშნულის საფუძველზე ცხადია, რომ ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს, ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. გენდერული უთანასწორობის პრობლემა, განსაკუთრებით კი შრომის ანაზღაურებაში, მწვავეა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე, საზოგადოების კეთილდღეობასა და სოციალურ მდგომარეობაზე. საბოლოო ანგარიშით - კი ეკონომიკის განვითარებაზე.

დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის დინამიკა
გენდერული ჭრილით

შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობა გამოწვეულია სხვადასხვა
მიზეზით. რა თქმა უნდა, ეს დისბალანსი გარკვეულწილად განპირობებულია დამსაქმებელთა მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომით. თუმცა, რამდენად მასშტაბურია ეს დისკრიმინაცია, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ერთობ რთულია, რადგან მის შესახებ სანდო და სრული ინფორმაცია არ მოიპოვება. გარდა ამისა, არსებობს რიგი სხვა გარემოება, რაც იწვევს ამ უთანასწორობას. მრავალ სხვა ფაქტორებს შორის, ხელფასის სიდიდეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის განათლების დონე, თუმცა, საქართველოს მაგალითზე ვერ ვიტყვით, რომ ქალთა განათლების მიღწეული დონე ჩამორჩება კაცებისას. მაგრამ, გარდა განათლებისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე სამუშაო გამოცდილება, რომელიც ქალთა გარკვეულ ნაწილს უფრო ნაკლები აქვს. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ადრეული ქორწინება, რომელიც ქალებისათვის უფრო ხშირია, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად ზემოქმედებს მათ შრომის ბაზარში ჩართულობაზე. შრომის ბაზარში ჩართულობა, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ პირი არის დასაქმებული ან აქტიურად ეძებს სამუშაოს, წარმოადგენს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს (სტატისტიკური კრებული 2021). გარდა ამისა, ქალთა დიდი ნაწილი მიეკუთვნება ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას, რაც ძირითადად გამოწვეულია მათი ჩართულობით აუნაზღაურებელ საქმიანობებში, უმეტესად საოჯახო საქმეებში, ბავშვებსა და ოჯახის წევრებზე ზრუნვით და სხვ. სტატისტიკაში არის სპეციალური ფორმულები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია განისაზღვროს არამხოლოდ ეკონომიკური აქტიურობის, არამედ ,,ეკონომიკური პასიურობის“ მაჩვენებლებიც (გელაშვილი და სხვ. 2020).
გენდერული უთანასწორობა მრავალასპექტიანი, ფართო პრობლემაა და რეალურად
ისწარმოადგენს მულტიუთანასწორობას არაერთი მიმართულებით. მასში ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საკითხია უთანასწორობა შრომის ანაზღაურებაში. მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასებისას, სხვა მეთოდებთან ერთად, მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) ინსტრუმენტებიც. GIA-ს დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის გენდერული ზეგავლენის შეფასება. ეს არის სანდო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გამტარებელი ინსტრუმენტი, რომლის მიზანია, მიაღწიოს შესაძლო საუკეთესო შედეგს მართვის პროცესში გენდერის ასპექტების გათვალისწინებით და გაზარდოს მისი ეფექტიანობა.
განვიხილოთ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი სქესის მიხედვით, რასაც წარმოგიდგენთ დიაგრამის სახით (დიაგრამა 1).

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი
გენდერულ ჭრილში (ლარი)

 

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2015-2021 წლებში საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი როგორც ქალების, ასევე კაცებისათვის ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ორივე სქესისათვის ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, რაც ქალებისათვის შეადგენს დაახლოებით 138, ხოლო კაცებისათვის - 196 ლარს. აქვე მნიშვნელოვანია საშუალო აბსოლუტური მატების გაანგარიშება, რომელიც ამ წლებისათვის ქალებისათვის შეადგენს 79.5-ს, ხოლო კაცებისათვის - 105.8 ლარს. მათ შორის დისპროპორცია თვალშისაცემია.
საინტერესოა ასევე საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის ვარიაციის დიაპაზონის (მაქსიმალურ და მინიმალურ სიდიდეებს შორის სხვაობა) გაანგარიშება ცალ-ცალკე, ქალებისა და კაცებისათვის. მთელი საანალიზო პერიოდისათვის ქალებისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 398, ხოლო კაცებისათვის 529 ლარია. მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობა აქაც ნათელია.
შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე, ბოლო წლებში, რამდენიმე კვლევითი სამუშაო მომზადდა ISET-ის მკვლევართა მიერ, მაგალითად, ,,საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების შეფასება“, სადაც ხაზგასმულია გენდერული უთანასწორობის ანალიზის მეთოდოლოგიის ადაპტირებაზე საქართველოს რეალობაში.


საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის ჯაჭვური ზრდის ტემპები გენდერულ ჭრილით (%)

ცხრილი 1.

ცხრილი 1-ის საფუძველზე, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საანალიზო პერიოდში საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი ორივე სქესისათვის ყველაზე მეტად გაიზარდა 2021 წელს - ქალებისათვის - 14.5, ხოლო კაცებისათვის - 13.9 %-ით. მინიმალური მატება დაფიქსირდა ქალებისათვის 2017 წელს- 5.3, ხოლო კაცებისათვის 2020 წელს - 3.4 %. ამავე პერიოდისათვის ზრდის საშუალო ტემპმა ქალებისათვის 7.9, ხოლო კაცებისათვის - 7.0% შეადგინა. მაშასადამე, ქალების საშუალოთვიური ხელფასის ზრდის ტემპი აღემატებოდა კაცებისას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ხელფასების აბსოლუტურ სიდიდეებს შორის სხვაობა არ შემცირებულა და ამ მხრივ უთანასწორობის ტენდენცია იგივე რჩება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საშუალოთვიური ხელფასის მატება, როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, არ გულისხმობს იმავდროულად მათი კეთილდღეობის ზრდას, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყანაში მზარდია ინფლაციის დონეც. მაშინ, როდესაც ინფლაციის დონე აღემატება ხელფასის მატების ტემპს, ეს ამცირებს მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობას და, შესაბამისად, ცხოვრების დონეს.

მამაკაცის საშუალოთვიური ხელფასის მეტობა ქალის ხელფასთან შედარებით (ლარი)

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ქალისა და კაცის საშუალოთვიურ ხელფასებს შორის სხვაობა მაქსიმალური იყო 2021 წელს და 513.2 ლარი შეადგინა, ხოლო მინიმალური 2015 წელს - 381.8 ლარი.

შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის ანალიზი საქმიანობის სახეების მიხედვით
შრომის ანაზღაურების გენდერული დისბალანსის დროს მნიშვნელოვანია განვიხილოთ შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა, რაც გულისხმობს ქალებისა და კაცების საშუალოთვიურ ხელფასებს შორის განსხვავებას, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მახასიათებლით. მიგვაჩნია, რომ ასეთი განსხვავებული განაწილება დროისა და სქესის მიხედვით, დამოკიდებულია განათლების დონეზე, პროფესიულ ორიენტაციასა და სპეციალიზაციის სფეროზე (გელაშვილი, ჩარექიშვილი 2016).
რაც შეეხება შეუსწორებელ, ანუ ,,ნედლ“ გენდერულ სახელფასო სხვაობას, აქ იგულისხმება კაცისა და ქალის ხელფასებს შორის მხოლოდ რეალური განსხვავება. აღსანიშნავია, რომ საათობრივი შესწორებული სახელფასო სხვაობა 2020 წელს შეადგენდა 15.9%, მაშინ როდესაც თვიური სახელფასო სხვაობა 21.4% იყო. ეს სხვაობა დამოკიდებულია ნამუშევარ საათებზე. ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი საათების საშუალო რაოდენობა გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვირაში ყველაზე ხშირად ნამუშევარი საათების საშუალო რაოდენობას (ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჩათვლით). 2020 წელს ქალებისათვის მან შეადგინა 39.1, ხოლო კაცებისათვის 44.4 საათი (2020,2).
მნიშვნელოვანია შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის განხილვა საქმიანობის სახეობების მიხედვით (იხ.დიაგრამა 3).


შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა (%) საქმიანობის სახეობების მიხედვით

საათობრივი შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია მომსახურების სფეროში (16.8%), ხოლო თვიური შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა - მშენებლობის სექტორში (38.2%), რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ მშენებლობის სექტორში ბევრად უფრო მეტი კაცია დასაქმებული.

შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა (%) დაკავებული პოზიციების/თანამდებობების მიხედვით, 2020 წელი

გენდერული სახელფასო სხვაობის ანალიზი დაკავებული თანამდებობების მიხედვით

შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაკავებული თანამდებობრივი პოზიციები და ნამუშევარი საათებია (გელაშვილი, თოდრაძე 2020). ცხრილის (2) მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკავებული პოზიციების/თანამდებობების მიხედვით, როგორც საათობრივი, ასვე თვიური შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა, ყველაზე მაღალია დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორებისა და ამწყობებისათვის. შესაბამისად, საათობრივი სახელფასო სხვაობა 49.2-ის, ხოლო თვიური - 47.8%-ის ტოლია. თუმცა, რაც შეეხება სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის კვალიფიციური მუშაკების საათობრივ შესწორებულ გენდერულ სახელფასო სხვაობას, ის შეადგენს 28.1%-ს, ხოლო თვიური სახელფასო სხვაობა 12.6%-ის ტოლია. აღნიშნული დისპროპორცია გამოწვეულია ამ პოზიციაზე ქალთა უფრო მაღალი ანაზღაურებით.
საერთოდ, შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობის კვლევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია დასაქმებულთა განაწილება იერარქიული თანამდებობების მიხედვით. ასეთი განაწილება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განათლების დონეზე, სპეციალიზაციასა და სათანადო პრაქტიკულ გამოცდილებაზე. ყოველივე ეს უშუალოდ ახდენს გავლენას შრომის ანაზღაურების სიდიდეზე. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ სახელფასო დისპროპორციებზე გავლენას ახდენს არამხოლოდ რაოდენობრივად გაზომვადი, არამედ თვისებრივი ფაქტორებიც. გენდერული ანალიზი გვიჩვენებს, თუ რომელი ხარისხობრივი ინდიკატორია აუცილებელი ცვლილებების დასაფიქსირებლად, კაცებისა და ქალების ჯგუფების მიხედვით. ისინი შესაძლოა უკეთ ასახავდნენ ქალებისა და კაცების მდგომარეობას და მომხდარ ცვლილებებს, ვიდრე რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ხშირად არ გამოხატავს ქალის ნამდვილ მოსაზრებებს (გელაშვილი, ჩარექიშვილი 2016).

შრომის ანაზღაურებისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთა ურთიერთკავშირი გენდერული ჭრილით

შრომის ანაზღაურებაში გენდერული დისპროპორცია გარკვეულ გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, ეს გავლენა არაპირდაპირია. მაგრამ სხვადასხვა სტატისტიკური მეთოდით, მისი მიახლოებითი რაოდენობრივი შეფასება მაინც შესაძლებელია. ამისათვის ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია კორელაციური ანალიზი (იხ.ცხრილი 3).


ხელფასის, დასაქმებისა და მსპ-ის ზრდის მაჩვენებელთა დინამიკა

ცხრილში - 3 მოყვანილ ცვლადებს შორის SPSS პროგრამის გამოყენებით წყვილადი კორელაციის გაანგარიშებამ აჩვენა, რომ საანალიზო პერიოდისათვის ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის აბსოლუტურ სხვაობასა და დასაქმებულ ქალთა რიცხოვნობას შორის კორელაციის კოეფიციენტის მნიშვნელობა, მინუს 0.6-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორ ცვლადს შორის არსებობს ზომიერი, თუმცა, უარყოფითი ურთიერთკავშირი. ეს საშუალებას იძლევა დავაფიქსიროთ შემდეგი საინტერესო ტენდენცია: რაც უფრო იზრდება ქალებისა და კაცების ხელფასის სიდიდეებს შორის აბსოლუტური სხვაობა, მით უფრო მცირდება დასაქმებულ ქალთა რიცხოვნობა. რაც შეეხება კავშირს დასაქმებულ ქალთა რიცხოვნობასა და რეალური მთლიანი სამამულო პროდუქტის ზრდას შორის, დადებითია, თუმცა, ძალიან სუსტი, რადგან კორელაციის კოეფიციენტის კონკრეტული სიდიდე 0.1-ის ტოლია, ანუ ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის აბსოლუტურ სხვაობასა და რეალურ მსპ-ს შორის კორელაციის კოეფიციენტმა 0.3 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორ ცვლადს შორის დადებითი, თუმცა სუსტი ურთიერთკავშირია.
მაშასადამე, ჩატარებული კორელაციური ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია აღინიშნოს, რომ შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა გაზრდის ქალთა დასაქმებას და შრომის ბაზრის გააქტიურებას განაპირობებს. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

დასკვნა
შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობის პრობლემა დღესაც საკმაოდ აქტუალურია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და მიუხედავად არსებული საკანონმდებლო ბაზისა, ჯერ კიდევ ადგილი აქვს სქესის მიხედვით დისკრიმინაციას შრომის ბაზარზე.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საანალიზო პერიოდისათვის ქალების საშუალოთვიური ხელფასის ზრდის ტემპი აღემატებოდა კაცებისას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ხელფასების სიდიდეებს შორის აბსოლუტური სხვაობა არ შემცირებულა.
შრომის ანაზღაურებაში გენდერულ უთანასწორობის სტატისტიკური ანალიზი გულისხმობს შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის განხილვასაც, რომელშიც გათვალისწინებულია განათლება, სამუშაო გამოცდილება და რიგი სხვა მახასიათებელი. აღსანიშნავია, რომ საათობრივი შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა 15.9%-ს შეადგენს, რაც მნიშნელოვნად ჩამორჩება თვიურ სახელფასო სხვაობას (21.4%). აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია ქალთა ნამუშევარი საათების სიმცირით, რაც განპირობებულია ქალთა მაღალი ჩართულობით აუნაზღაურებელ შრომაში. სამწუხაროდ, არამარტო კაცების, არამედ ქალების უმრავლესობაც ფიქრობს, რომ ქალების უმთავრესი მოვალეობაა შინ წესრიგის შენარჩუნება (შესაბამისად, ქალების 66%, ხოლო მამაკაცების 78%). გარდა ასეთი სტერეოტიპებისა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ, რადგან დღესაც არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელიც ქალთა უფლებების შესახებ კანონების არსებობის თაობაზეც კი არ ფლობს ინფორმაციას, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ შინაარსზე.
ჩატარებული კორელაციური ანალიზით დადგინდა, რომ შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა გაზრდის ქალთა დასაქმებას, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.
ზოგადად, შრომის ანაზღაურებაში გენდერულ უთანასწორობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, რომელთა ნაწილი რაოდენობრივად გაზომვადია, ხოლო ზოგიერთი მათგანის პირდაპირი რაოდენობრივი გავლენის ზუსტი შეფასება რთულია.

ლიტერატურა:

• პაპავა ვლ., სილაგაძე ა. (2019). ერთი საკვანძო ეკონომიკური ტერმინის - „Gross Domestic Product“-ის სახელწოდების შესახებ. ეკონომიკა და ბიზნესი N1, ტომი XI, გვ.180.
• ბერიშვილი ხ. (2017). გენდერული დისბალანსისა და ფემინიზმის როლი გლობალურ ბიზნესში. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, თბილისი. https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/global.pdf
• გაეროს ქალთა ორგანიზაცია (2020). გენდერული სახელფასო სხვაობა და უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე. https://www2.unwomen.org//media/field%20office%20georgia/attachments/publications/2020/gender%20pay%20gap%20georgia%20geo.pdf?la=en&vs=4411
• გაეროს ქალთა ორგანიზაცია (2018). ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში. https://georgia.unwomen.org/sites/default/files/Field%20Office%20Georgia/Attachments/Publications/2018/Womens%20Economic%20Inactivity%20and%20Inf%20Employment%20Georgiageo.pdf
• გელაშვილი ს., ოქრუაშვილი მ. (2020). შრომის ანაზღაურების გენდერული დისპროპორცია საქართველოს ადმინისტრაციული რეგიონების მიხედვით. მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, თბილისი. https://tsu.ge/assets/media/files/7/conf.%20V2020.pdf
• გელაშვილი ს., თოდრაძე გ. (2020). დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების გენდერული დისბალანსი ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით. მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, თბილისი, 2020. https://tsu.ge/assets/media/files/7/conf.%20V2020.pdf
• გელაშვილი ს., ჩარექიშვილი ლ. (2016). გენდერული სტატისტიკის საკითხები. გამომცემლობა ,,მერიდიანი”, თბილისი.
• გელაშვილი ს., შონია ზ., ქინქლაძე რ. (2020). სოციალური სტატისტიკა. გამომცემლობა ,,უნივერსალი”, თბილისი.
• გელაშვილი ს. (2019). სახელმწიფო სტატისტიკის რეფორმირება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მე-20 საუკუნის ბოლოს. მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, თბილისი. https://tsu.ge/assets/media/files/7/konf%20IV19.pdf
• გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია.
https://iset-pi.ge/ka/publications/research-reports
• მენქიუ, გ. (2008). ეკონომიკის პრინციპები. გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი.
• საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების შეფასება.
https://iset-pi.ge/ka/publications/research-reports
• სტატისტიკის ეროვნული სამსახური, დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები.
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
• სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ხელფასების მაჩვენებლები. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/ khelfasebi
• საქსტატი, (2021). ქალი და კაცი საქართველოში. თბილისი,
• საქსტატი, (2017). ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში. http://gender.geostat.ge/gender/img/publicationspdf/National%20 VAW%20Study%20Report%20Geo.pdf#view=fit
• European Institute for Gender Equality, Economic Benefits of GENDER EQUALITY IN THE EUROPEAN UNION. https://eige.europa.eu/gender-mainstreaming/policy-areas/economic-and-financial-affairs/economic-benefits-gender-equality

Keywords: Gender inequality, average salary, statistical analysis, range of variation, correlations coefficient.
JEL Codes: D63, J15, J16